პატარა მლოცველი ნინო ლარცულიანი/2018 წ.
ცისკრის ლოცვა იწყება,
გუგუნებენ ზარები,
ტაძრისაკენ მივდივარ,
მალე ვეზიარები!
სტოა ხალხით სავსეა,
მღვდლებით - საკურთხეველი,
ბარძიმს გამოაბრძანებს
ხელი მაკურთხეველი,
პირჯვარს გადავისახავ,
ხატებს კრძალვით ვემთხვევი,
მაზიარებს მოძღვარი,
მადლში გამოვეხვევი,
გულზე ჯვრულად მიწყვია
პაწაწინა ხელები,
სიტკბოებას დავლევ და
მელის სეფისკვერები!
მერე ყველა დამლოცავს,
უპირველეს ყოვლისა:
„გერგოს საკურნებელად
სულისა და ხორცისა“!

No comments:
Post a Comment