Tuesday, April 21, 2020

ღვთისმშობლის საგალობელი








"მზე შინა" ანუ ღვთისმშობლის საგალობელი


დავდივარ მეხის პერანგით,
დავეხელები შენს ნახვას,
მზით დახურული ქვეყანა

- შენა ხარ!


შეთვალებული ყურძენი,
მტევნებით სავსე ხელადა,
მზით დახუნძლული ვენახი
- შენა ხარ!

მზით ავსებულო ბარძიმო,
ცოდვა ტანთ შემოვიხიე,
"უკვდავებისა წყაროის
გემოი -რაკი - ვიხმიე"!

"მზე შინას" საგალობელო,
მზის ცხრავე თვალის სინათლევ,
ცის სარტყელ-საგრილობელო,
ღვთისმშობლის ცრემლთა ზედაშევ...

დაპკურებიხარ ღაწვებზე
გზად მიძინებულ ნინოსა,
და ხელში ჯვარი ვაზისა
შენეულ თმით შეგიმოსავს!

ვარ მოსავალი ქვე-ყანის,
შენ ზე-ყანისთვის მინახავ,
მომმკელი ჩემი პატრონი
ყრმა - შენს მკლავებში მინახავს!

დავდივარ მეხის პერანგით,
დავეხელები შენს ნახვას,
მზით დახურული ზეყანა
და ცისარტყელა
- შენა ხარ!



(ნინო ლარცულიანი)

No comments:

Post a Comment

ერთგულება

თენდება ნინოობა, მე შენთან მოვდივარ, და მომაქვს თვალები - ერთგულნი საოცრად, ჩემს ქვემოთ მიწაა ტკივილისოდენა, ჩემს ზემოთ მარტოდენ ცისფერი ცა ...