Saturday, April 11, 2020

ლაზარე, გამოდი!




ლაზარე, მოდიხარ მზიანი ტერფებით,
აბლანდულ ბილიკებს სვეტად მოასწორებ,
აჰა, ვაზის ჯვარი, სანაცვლოდ მტევნების,
შენით გამოისხამს უძველეს ასოებს!

მე შენს შესახებლად ცეცხლიან ბედაურს
დროის ულმობელი ლაგამი ავხსენი,
ჩვენს შორის მზე ჩადგა, როგორც საიდუმლო
შენც სიტყვის გენია მზის გულში გახსენი. . .

"ლაზარე"! _ ზარივით რეკენ ასოები,
ქარმა ფრთა შემოჰკრა ილეკროს წინწილებს,
სიტყვები, ვით სავსე ოქროს ასოები,
კალთაში მიყრიან თავიანთ სიმწიფეს!

ამ ყანას დაუსხამს ურიცხვი მარცვალი,
ბგერებში საკმევლის სიო მოსურნელობს,
ყველაზე ძვირფასს, ამქვეყნად რაც არის,
შენ დასაბამიდან ათბობ და მზრუნველობ!

"ლაზარე!"_ გიგალობს სრული საქართველო,
და მზის აკლდამიდან რძე თეთრად გადმოდის,
ფეხზე წამოდექი, უჟამო ნათელო,
უფალი მოგიხმობს: "ლაზარე, გამოდი"!


   ნინო ლარცულიანი






No comments:

Post a Comment

ერთგულება

თენდება ნინოობა, მე შენთან მოვდივარ, და მომაქვს თვალები - ერთგულნი საოცრად, ჩემს ქვემოთ მიწაა ტკივილისოდენა, ჩემს ზემოთ მარტოდენ ცისფერი ცა ...