ბზობა
ქრისტე ღმერთი დიდებული
ერთ დღეს შეჯდა სახედარსა,
და ამგვარი თავმდაბლობით
მიადგა ქალაქის კარსა.
„ძე მოდისო დავითისი!“
- ყველა მისკენ გაეშურა
ქრისტეს ფეხქვეშ დასაფენად
სამოსიც არ დაიშურა!
იხარე, იერუსალიმ,
შენს მხსნელს
მიეგებე წინა,
იგალობე მთელი გულით:
„ოსანა მაღალთა შინა!“
პალმის, ბზის და ზეთისხილის
რტოებს დაუფენდე გზადა,
„კურთხეულ არს მომავალი
სახელითა უფლისათა!“
დიადია შენი მხსნელი,
ლაზარესა აღმდგენელი,
და ამქვეყნად სიკვდილისა
სიკვიდილითა დამთრგუნველი!!!
ნინო ლარცულიანი
11.04.2020
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. „...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს. |

No comments:
Post a Comment