Tuesday, August 20, 2024

ერთგულება



თენდება ნინოობა,
მე შენთან მოვდივარ,
და მომაქვს თვალები -
ერთგულნი საოცრად,
ჩემს ქვემოთ მიწაა ტკივილისოდენა,
ჩემს ზემოთ მარტოდენ
ცისფერი ცა მოსჩანს.
მოვდევდი ნაკვალევს გაკვალულს ვაზის ჯვრით,
რა მძიმე ყოფილა ქალწულის
ნაწნავი,
მაგ აზარფეშიდან ერთხელაც დამისხი,
და ღვინომ მომიყვეს აქ მოსვლის ამბავი -
თუ როგორ მოხვედი,
ან როგორ ეწამე,
ცრემლებით რამდენჯერ დანამე ბალახი,
მე შენთან მოვდივარ,
გთხოვ, გული გამიღე,
მომეცი ძალა, რომ გავწყვიტო არტახი,
მიწას რომ მოვწყდე და
მოსჩანდეს მხოლოდ ცა,
მეც დამაქვს ბოლომდე ერთგული თვალები…
ტკივილი?
მადლობა უფალს, რომ შემომრჩა,
სულში ჩაუმქრალად მინთია სანთლები.
თენდება ნინოობა,
მე შენთან მოვდივარ,
და მომაქვს სხეული,
დაღლილი საოცრად.
ჩემს ქვემოთ მიწაა - ტკივილისოდენა,
ჩემს ზემოთ
მარტოდენ ცისფერი ცა მოსჩანს.


/ნინიკო მშვიდობაძე/

მირქმისა


კიბეზე ვდგავარ და ცას შეკიდული,
საკუთარ ასაკით დაღლილი
სული მაქვს.
მე ველი სასწაულს,
როგორც გადარჩენას,
მე ველი მაცხოვარს...
თვალებმა ისწავლეს სულების
დანახვა,
თვალები ხვდებიან...
ვინ იცის, რამდენჯერ ითოვა,
იწვიმა,
რამდენჯერ მტკენია...
და მაინც ვდგავარ და
ისე, ვით სალოსი,
ზედ ტაძრის კარებთან -
წლებისგან დაღლილი
სულით და სხეულით
ღამეებს ვათენებ...
ცამ შემოიძარცვა ნისლის
საბურველი,
ცა ცაზე მეტია...
დღემდე განუცდელი
დიდი სასწაული
დღეს მართლა მეწვია...
თოთოა და დედის ხელებში
ნებივრობს,
ჯერ ალბათ, არც იცის -
რაოდენ განსაცდელს უმზადებს
საწუთრო
და ვერცკი განიცდის...
მე ვდგავარ კიბეზე,
ისე, ვით სალოსი
და ვგავარ მათხოვარს...
- დიდება, მადლობა, რომ
ჩემთან მოხვედი,
მადლობა, მაცხოვარ -
ვამბობ და ვიხუტებ გულში
სასოებით,
გულწრფელად მიღიმის...
- მე ამ წუთისოფელს
დღეს განვეშორები,
რადგანაც ვიხილე...
ზეცამ გადაიძრო ნისლების
პირბადე,
ცა ცაზე მეტია...
მე ვბედავ გელოდო
და ძლიერ მიყვარდე
შენ -
მხსნელი, მესია...
კიბეზე ვდგავარ და
ცას შეკიდული
საკუთარ ასაკით დაღლილი სული
მაქვს...
მე ველი სასწაულს, როგორც გადარჩენას.
მე ველი მესიას!!!


/ნინიკო მშვიდობაძე/

იორდანე

 


ყალნი წავლენო,
მიედინება იორდანეც ძალიან მდორედ...
დარჩება ქვიშა და ის ქვიშა შენ ხარ, უფალო,
რომ მერე შენით ავიშენოთ სულის ტაძარი,
რომ მერე შენით დავიამოთ ყველა ტკივილი,
რომ მერე შენით დავიმშვენოთ გზა გასასვლელი,
გზა, რომლითაც ვბრუნდებით უკან.
მიდიან წყლები,
იორდანეც მიედინება,
ის იორდანე, ყველა წყლისგან რომ განასხვავე,
ყველაზე დიდი მდინარეა, დედა მდინარე,
მიედინება იორდანეც მდორე დინებით...
არადა, ახსოვს იორდანეს შენი ტერფები,
ახსოვს სიმდაბლე შენეული და თეთრი მტრედიც...
წყალნი წავლენო,
შენ კი ქვიშად დარჩი, უფალო,
შენი წყალობით და შემწეობით
სულის ტაძრებს ვიშენებთ ახლაც...
ო, იორდანე, რამოდენა სასწაულს იტევ,
ო, იორდანე, უფლის მდინარევ,
მაპატიე, თუკი მშურს შენი...
შენ გახსოვს, გახსოვს,
მე კი უნდა გავიხსენო, რომ დავბრუნდე უკან -
ძნელად სავალი გზით, ბილიკებით,
რომ მივიდე და შევევედრო ნათელღებულ მაცხოვარს კრძალვით:
ამაგებინე ჩემი სულის ტაძარი, ღმერთო...
წყალნი წავლენო,
იორდანე სულ სხვა წყალია,
დედა მდინარე, უფალი რომ დაიმახსოვრა...


/ნინიკო მშვიდობაძე/

ფერიცვალება


საქართველოს - ხელისგულისოდენას,
კი არ ვეტრფი, არც ვიტკივებ, ვითმენ…
პირჯვარსა სწერს ივერიის სანახებს
მთასა ზედა ფერნაცვალი ქრისტე.

გულში უფლის კვართჩაკრული ქალწული
შეუნახავს სვეტიცხოვლის წარსულს…
მეც იმგვარი სიყვარული ჯვარცმულის
მინდა მქონდეს, როგორც მცხეთელ ასულს.

დასავლეთში უფლის დედის პერანგი
ასვენია,
ელოდება მლოცველს…
ვერ გხედავ და კვლავ ჯიუტად გეძახი,
შენს ნაკვალევს დაგეშილი მოვსდევ…

ჩემს სამშობლოს - „დევებისგან ნამუხლარს”,
კი არ ვეტრფი,
არც ვიტკივებ,
ვითმენ…
და პირჯვარს სწერს ივერიის სანახებს
მთასა ზედა ფერნაცვალი ქრისტე…

/ ნინიკო მშვიდობაძე/

ერთგულება

თენდება ნინოობა, მე შენთან მოვდივარ, და მომაქვს თვალები - ერთგულნი საოცრად, ჩემს ქვემოთ მიწაა ტკივილისოდენა, ჩემს ზემოთ მარტოდენ ცისფერი ცა ...