კიბეზე ვდგავარ და ცას შეკიდული,
საკუთარ ასაკით დაღლილი
სული მაქვს.
მე ველი სასწაულს,
როგორც გადარჩენას,
მე ველი მაცხოვარს...
თვალებმა ისწავლეს სულების
დანახვა,
თვალები ხვდებიან...
ვინ იცის, რამდენჯერ ითოვა,
იწვიმა,
რამდენჯერ მტკენია...
და მაინც ვდგავარ და
ისე, ვით სალოსი,
ზედ ტაძრის კარებთან -
წლებისგან დაღლილი
სულით და სხეულით
ღამეებს ვათენებ...
ცამ შემოიძარცვა ნისლის
საბურველი,
ცა ცაზე მეტია...
დღემდე განუცდელი
დიდი სასწაული
დღეს მართლა მეწვია...
თოთოა და დედის ხელებში
ნებივრობს,
ჯერ ალბათ, არც იცის -
რაოდენ განსაცდელს უმზადებს
საწუთრო
და ვერცკი განიცდის...
მე ვდგავარ კიბეზე,
ისე, ვით სალოსი
და ვგავარ მათხოვარს...
- დიდება, მადლობა, რომ
ჩემთან მოხვედი,
მადლობა, მაცხოვარ -
ვამბობ და ვიხუტებ გულში
სასოებით,
გულწრფელად მიღიმის...
- მე ამ წუთისოფელს
დღეს განვეშორები,
რადგანაც ვიხილე...
ზეცამ გადაიძრო ნისლების
პირბადე,
ცა ცაზე მეტია...
მე ვბედავ გელოდო
და ძლიერ მიყვარდე
შენ -
მხსნელი, მესია...
კიბეზე ვდგავარ და
ცას შეკიდული
საკუთარ ასაკით დაღლილი სული
მაქვს...
მე ველი სასწაულს, როგორც გადარჩენას.
მე ველი მესიას!!!
/ნინიკო მშვიდობაძე/

No comments:
Post a Comment