თენდება ნინოობა,
მე შენთან მოვდივარ,
და მომაქვს თვალები -
ერთგულნი საოცრად,
ჩემს ქვემოთ მიწაა ტკივილისოდენა,
ჩემს ზემოთ მარტოდენ
ცისფერი ცა მოსჩანს.
მოვდევდი ნაკვალევს გაკვალულს ვაზის ჯვრით,
რა მძიმე ყოფილა ქალწულის
ნაწნავი,
მაგ აზარფეშიდან ერთხელაც დამისხი,
და ღვინომ მომიყვეს აქ მოსვლის ამბავი -
თუ როგორ მოხვედი,
ან როგორ ეწამე,
ცრემლებით რამდენჯერ დანამე ბალახი,
მე შენთან მოვდივარ,
გთხოვ, გული გამიღე,
მომეცი ძალა, რომ გავწყვიტო არტახი,
მიწას რომ მოვწყდე და
მოსჩანდეს მხოლოდ ცა,
მეც დამაქვს ბოლომდე ერთგული თვალები…
ტკივილი?
მადლობა უფალს, რომ შემომრჩა,
სულში ჩაუმქრალად მინთია სანთლები.
თენდება ნინოობა,
მე შენთან მოვდივარ,
და მომაქვს სხეული,
დაღლილი საოცრად.
ჩემს ქვემოთ მიწაა - ტკივილისოდენა,
ჩემს ზემოთ
მარტოდენ ცისფერი ცა მოსჩანს.
/ნინიკო მშვიდობაძე/








